პერსპექტივას გია ცაგარეიშვილი ქვეყნისთვის დამღუპველს უწოდებს

ეკლესიასთან საკონსტიტუციო შეთანხმებაში ცვლილების პერსპექტივას ოპოზიციონერი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი ქვეყნისთვის დამღუპველად აფასებს. 
როგორც გია ცაგარეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახალი კანონპროექტით, რომელიც უმრავლესობის წევრების მიერ არის მომზადებული, ნიველირდება საქართველოს საპატრიარქოს მდგომარეობა.  
“ყველა მუხლიდან, სადაც გამყარებული იყო პრიორიტეტი საქართველოს ავტოკეფალური, სამოციქულო ეკლესიისა, ფაქტობრივად, გაუქმებულია”, – განაცხადა ცაგარეიშვილმა და გეგმას “მზაკვრული” უწოდა.
მისივე თქმით, ხდება იმ უპირატესობების გაუქმება და შელახვა, რომელიც ავტოკეფალურ ეკლესიას კანონმდებლობით ჰქონდა მინიჭებული.
კერძოდ, მოქმედი კანონში არსებობს განმარტება, რომ კონსტიტუციური შეთანხმება იდება მართლმადიდებლურ ეკლესიასთან და მართლმადიდებლური ეკლესიის უპირატესობა მხოლოდ ამ ჩანაწერით არის აღიარებული. კანონპროექტში კი ეს ჩანაწერი-განმარტება ამოღებულია და მხოლოდ მითითებულია, რომ არსებობს ნორმატიული აქტის ერთ-ერთი სახე და არსებობს საკონსტიტუციო შეთანხმება. 
ასევე, ამავე ცვლილებების პროექტით, კანონთა იერარქიიდან ამოღებულია საკონსტიტუციო შეთანხმება, რომელსაც დღეს მოქმედ კანონში მესამე ადგილი უკავია და მასზე უპირატესია მხოლოდ კონსტიტუცია და კონსტიტუციური კანონი. 
ოპოზიციონერი დეპუტატის მტკიცებით, ამ ცვლილებების თანახმად შესაძლებელი იქნება ხელშეკრულების დადება ყველა რელიგიასთან და კონფესიასთან. 
ცაგარეიშვილი ყველა დეპუტატს და პატრიოტს მოუწოდებს, წინ აღუდგეს ამ ცვლილებას, რომელიც, მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის დამღუპველი იქნება. 
 კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებმა უკვე დაიწყეს.