მარიონეტების ახალი კაპრიზი

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების შეხვედრებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. 
ამის შესახებ პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ბორის ჩოჩიევმა „გაზეტასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 
 აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ჩოჩიევმა ჯგუფის თავმჯდომარის კანდიდატურაზე შეუთანხმებლობა და უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი მოქალაქეების ბედის გაურკვევლობა დაასახელა. 
 „უკვე გამართული ორი შეხვერის შედეგად საორგანიზაციო საკითხებზეც კი ვერ შევთანხმდით. რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ? ხოლო თუ სამუშაო ჯგუფის მონაწილეებს ჩვენი მოქალაქეების ბედი არ აინტერესებთ, მათთან მომავალი თანამშრომლობის აზრს ვერ ვხედავთ. შეხვედრები შეხვედრებისთვის არ გვაინტერესებს“, - აღნიშნა ჩოჩიევმა და დასძინა, რომ ცხინვალი ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარს არ ამბობს.
 ცხინვალის კონფლიქტის ზონაში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი ჟენვის საერთაშორისო კონსულტაციებზე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. 
ცხინვალის რეჟიმი შეხვედრებზე ევროკავშირისა და რუსეთის თანათავმჯდომარეობას მოითხოვდა და მთავარ საკითხად ე.წ. სამხრეთ ოსეთის იმ მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას აყენებდა, რომლებიც, ცხინვალის რეჟიმის მტკიცებით, ქართულმა მხარემ გაიტაცა.