ალექსანდრე ბასილაია დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

ალექსანდრე ბასილაია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.  
მანამდე კი, დიდუბის ტაძრის მოძღვარმა ბასილაიას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. 
ალექსანდრე ბასილაია უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა გააცილეს. 
სამოქალაქო პანაშვიდი დღეს დილიდან ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზში მიმდინაორებდა. 
ალექსანდრე ბასილაია ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 67 წლის ასაკში გერმანიაში 3 ოქტომბერს გარდაიცვალა. ბასილაია 1942 წლის 11 მარტს დაიბადა. იყო საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, თბილისის საპატიო მოქალაქე და ანსამბლ „ივერიის“ სამხატვრო ხელმძღვანელი. 

ბასილაია ავტორია ისეთი ცნობილი მიუზიკლებისა, როგორებიც არის - „არგონავტები“, „ჩხიკვთა ქორწილი“, „ფიროსმანი“. მას ეკუთვნის ასევე არაერთი ცნობილი ქართული საესტრადო სიმღერა და ქართული კინოსა და მულტიპლიკაციური ფილმებისთვის შექმნილი მუსიკა. მისი ბოლო ნამუშევარია მუსიკალური კომპოზიცია - „რაღაც დასრულდა“.