მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი ცხინვალში ჩავიდა

მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩავიდა. ამის შესახებ ცხინვალის ინფორმაციის და ბეჭდვითი დე ფატო სიტყვის კომიტეტი იუწყება. 
 ლუჟკოვი ედუარდ კოკოითიმ მიიღო. მან მოსკოვის მერს „სამხრეთ ოსეთის ხალხისადმი მუდმივი ყურადღებისთვის“ მადლობა გადაუხადა. 
 „ჩვენ გვახსოვს, რამდენი გააკეთა მოსკოვის მთავრობამ ჩრდილოეთ ოსეთისთვის ბესლანის ტრაგედიის დღეებში და დღესაც, აგვისტოს დღეების შემდეგ მოსკოვი ჩვენს გვერდით არის. მოსკოვი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სამხრეთ ოსეთის ხალხს დაეხმარა“, - აღნიშნა კოკოითიმ. 
 თავის მხრივ, იური ლუჟკოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.  
 „ჩვენ თანამებრძოლები ვართ იმ პროცესებში, რომლებიც საბოლოოდ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს შექმნით დასრულდა. როცა რესპუბლიკაში რთული დრო იყო, მოსკოველები შეგნებულად ეხმარებოდნენ სამხრეთ ოსეთს მატერიალური პრობლემების გადაჭრაში და ამას სუფთა გულით აკეთებდნენ იმის შეგნებით, რომ არ შეიძლება, სამხრეთ ოსეთის მოწყვეტა ისტორიული ფუნდამენტისგან“, - განაცხადა ლუჟკოვმა.
 მისივე თქმით, გასული წლის ტრაგიკული მოვლენების დროს ყველა აღშფოთებული იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ განხორციელებული თავდასხმითა და გენოციდით. 
 იური ლუჟკოვი ცხინვალს დღეს ეწვია და ცხინვალის ახალაშენებული უბნის – „მოსკოვის მიკრორაიონის“ საზეიმო გახსნაში მიიღებს მონაწილეობას.