წიგნისგან შორს...

როგორც ცნობილი ქართული სატელევიზიო რეკლამა ღაღადებს, წიგნის მკითხველთა რაოდენობის მხრივ, საქართველო უგანდასა და ანგოლას დონეზეა. ამ მონაცემების ზოგს სჯერა, ზოგს არ სჯერა, მაგრამ ფაქტია, რომ ქართულ ლიტერატურას ბოლო წლებში მართლაც რომ ვაიუშველებელი შეეყარა და ყველაზე ცუდ სიტუაციაში ამჟამად საბავშვო ლიტერატურაა.

დღევანდელ ქართულ საბავშვო სალიტერატურო სივრცეში მხოლოდ რამდენიმე ავტორის სახელი ჟღერს, რამდენიმეც ბავშვობიდან გვახსოვს და სულ ეს არის. მაგრამ მათ, ვისაც ამ სფეროში მოღვაწეობა ხელეწიფება, თავიანთი უცხოელი კოლეგებისგან განსხვავებით, არც რეკლამა უკეთდებათ და არც რაიმე წახალისება აქვთ, ამიტომ ქართველი ბავშვები თავიანთ მწერლებს თითქმის არ იცნობენ.

ძველი ავტორებიდან დღეს საბავშვო ლიტერატურას შემორჩნენ დოდო ხიმშიაშვილი, ქათევან ჭილაშვილი, ოტია იოსელიანი, ვლადიმერ ასლამაზიშვილი და გაჩნდა ახალი სახელებიც: ირმა მალაციძე, თეა ლომაძე, ნანა კაციაშვილი, მარიამ წიკლაური-ძიძიგური, თამრი ფხაკაძე, რომლის საბავშვო ნაწარმოებები ისევე საინტერესოა, როგორც საუფროსო.

ქართული გამომცემლობები შიგადაშიგ კი გამოსცემენ ქართველ საბავშვო ავტორებს, მაგრამ იმ ოდენობით არა, როგორც უცხოელებს. ეს ალბათ იმით არის გამოწვეული, რომ ვიდრე უცნობ ავტორს გააცნობდე მკითხველს, უფრო იოლია ცნობილი სახელის გაყიდვა. ამის ფონზე მკითხველი აცხადებს, რომ ქართული საბავშვო მწერლობა არ არსებობს. ამ ავტორთა სახელები არავინ იცის. გასაგებია, რომ ილუსტრაციების გამო საბავშვო ლიტერატურის გამოცემა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე საუფროსოსი, გამომცემლები ამის გამოც იკავებენ თავს. ხოლო როცა ავტორი საკუთარი ხარჯით გამოსცემ, უკვე წაგებული ხარ, რადგან ძალიან ძნელია რეკლამაზე ზრუნვა, ეს სულ სხვა სფეროა.

ქართული საბავშვო მწერლობის პოპულარიზაციას ისიც აფერხებს, რომ არ არსებობს საბავშვო პერიოდიკა. ცნობილი ჟურნალი ”დილა”, რომელიც ჩვენს ბავშვობაში ყველა ოჯახში იყო გამოწერილი და მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდებოდა, დღეს ორ თვეში ერთხელ გამოდის და მისით ბავშვები და მათი მშობლები ნაკლებად ინტერესდებიან. ასეთივე პერიოდულობით გამოდის ჟურნალი ”ანო და ვანო” და არც მისი არსებობა იცის ყველამ. კარგა ხანია აღარ გამოდის გაზეთი ”თორმეტამდე”, რომელიც გაზეთ ”24 საათის” დამატება იყო. ყველაფერთან ერთად მოშლილია პერიოდიკის გავრცელების სისტემა და რაც გამოდის, ისიც მთელის საქართველოს მასშტაბით არ ვრცელდება.

როცა გამომცემლობები ქართულ საბავშვო ლიტერატურაზე საუბრობენ, ისინი არც თუ ისე უსამართლოდ აღნიშნავენ, რომ საქართველოში საბავშვო ლიტერატურის ხარისხი არც თუ ისე მაღალია.

საერთოდ, არის მოსაზრება, რომ საბავშვო ლიტერატურა საქართველოში უკეთ იყიდება, ვიდრე უფროსებისთვის განკუთვნილი. ამასთანავე, საკითხავ ლიტერატურაზე უკეთ შემეცნებითი იყიდება. არადა, თუ წიგნების გაყიდვასთან დაკავშირებულ მონაცემებს უცხოეთისას შევადარებთ, განსხვავება კოლოსალურია - იქ ბავშვები უფრო მეტს კითხულობენ, ვიდრე საქართველოში.

უცხოეთის სკოლებში აქტიურად ხდება ბავშვებისათის კითხვის სიყვარულის პროპაგანდა. მაგალითად, გერმანიაში შექმნილია ორგანიზაცია, რომელიც კითხვის პროპაგანდას ეწევა სხვადასხვა საბავშვო დაწესებულებაში. საქართველოში კი...

სიახლე არ არის იმის აღნიშვნა, რომ ბოლო დროს წიგნის ფასმა ძალიან მოიმატა. მშობლები ხშირად ჩივიან იმაზე, რომ წიგნის საყიდლად ფული აღარ რჩებათ, თუმცა კი, თუკი წიგნის ფასს კინოთეატრის ბილეთის ფასსა და სკოლის მოსწავლეთა მობილურზე ლაპარაკის თანხას შევადარებთ, მივხვდებით, რომ ქართველებს წიგნის მიმართ დამოკიდებულება უფრო შეგვეცვალა. ამაზე დაცარიელებული საბავშვო ბიბლიოთეკებიც მეტყველებს. [წყარო: პრესა.ჯი]