საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

სამშაბათს, პრაღაში, რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლების შტაბბინაში, გაიმართა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსის" ახალი ანგარიშის პრეზენტაცია, რომლის თანახმად შუა აზიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, წინა წლებთან შედარებით, მკვეთრად იკლო დემოკრატიის ხარისხმა. "გარდამავალი სახელმწიფოები - 2009" - ასე ჰქვია ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის ყოველწლიურ ანგარიშს, რომლშიც მიმოხილულია მდგომარეობა ევროპისა და ევრაზიის 29 ყოფილ კომუნისტურ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. დოკუმენტის თანახმად, საქართველო იმ 18 ქვეყანას შორის არის, სადაც დემოკრატიის თვალსაზრისით მდგომარეობა გაუარესდა. მეტიც, საქართველოს მაჩვენებლები 2003 წლის შემდგომ პერიოდში ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა და დემოკრატიის ხარისხი თითქმის ყველა მიმართულებით გაუარესდა.. "რეგიონში დემოკრატიის განვითარების მხრივ 2008 წელი ბნელი წელი იყო რეგიონისთვის, განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის," თქვა პრეზენტაციაზე "ფრიდომ ჰაუსის" ევროპის განყოფილების დირექტორმა ვლადიმირ შკოლნიკოვმა. მისივე თქმით, ეკონომიკური ვითარების გაუარესებასთან ერთად, რეგიონში მოსალოდნელია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერება. ცალკეული ქვეყნების მაჩვენებლებს ანგარიშის ავტორები სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით აფასებენ. ეს კატეგორიებია: საარჩევნო პროცესი, დამოუკიდებელი მედია, ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა, სამოქალაქო საზოგადოების როლი, კორუფციის ხარისხი და სხვა.
ქართული მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკეავშირებით, ანგარიშში, კერძოდ, წერია: საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და კრძალავს ცენზურას. თუმცა პრაქტიკაში კონკრეტული ჟურნალისტები და მედია მფლობელები ზოგჯერ ექვემდებარებიან ზეწოლას, ხოლო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რომელიც კონსტიტუციითა და კანონით არის უზრუნველყოფილი, ხშირად დაბრკოლებები ექმნება. იმ მედია საშუალებებს, რომელთა მფლობელები მხარს უჭერენ სახელისუფლებო ძალებს, დომინანტური ადგილი უჭირავთ ქართულ მედიაში. გასული წლის მარტში საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველობის შეცვლამ, რასაც ოპოზიცია დაჟინებით მოითხოვდა, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ვერ წარმოშვა აზრთა პლურალიზმი. 2009 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დროებით დაიბლოკა რუსული ვერგვერდები და შეწყდა რუსული ტელეარხების ტრანსლაცია. საქართველოს რეიტინგი დამოუკიდებელი მედიის კატეგორიაში გასული წლის დონეზე - 4.25-ზე შენარჩუნდა..
"ფრიდომ ჰაუსის" ექსპერტების აზრით, მიუხედავად სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კონსტიტუციური გარანტიებისა, საქართველოში მმართველობა კვლავაც „ჰიბრიდულია“, პრეზიდენტის მიმართ ლოიალურად განწყობილი პარლამენტი ვერ ახერხებს შეზღუდოს აღმასრულებელი ხელისუფლების ავტორიტარული ტენდენციები. „პრეზიდენტზე რაიმე რეალური ზემოქმედებისა და ხელისუფლების ოპოზიციასთან დიალოგში ჩართვის სურვილის არ არსებობის, ასევე რუსეთთან აგვისტოს ომთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვების გამო, საქართველოს დემოკრატიული მმართველობის რეიტინგი 5,75-დან 6,00-მდე დაეცა“, აღნიშნავენ ანგარიშის ავტორები.
ანგარიშის თანახმად, საარჩევნო პროცესის ხარისხი 4,75-დან 5,25-მდე დაეცა, იმის გამო, რომ დაშვებული იყო ხარვეზები როგორც 2008 წლის საპრეზიდენტო ისე ამავე წლის საპარლემენტო არჩევნების დროს, რაც საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს.
ანგარიშის ავტორების აზრით, საქართველოს ხელისუფლება ხშირად არად აგდებს არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებს.ამავე დროს, დოკუმენტში ნათქვამია, რომ „კეთდება განცხადებები პროვინციებში ოფიციალური პირების მხრიდან პატარა არასამთავრობო ორგანიზაციებზე არაკანონიერად ზეწოლასა და შევიწროებაზე“."ფრიდომ ჰაუსის" აზრით, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება დასუსტდა და მისი რეიტინგი, ორგანიზაციის სტანდარტის მიხედვით , 3,5-დან 3,75-მდე დაეცა.