სოხუმის რეჟიმს კოდორის ხეობაში საარჩევნო უბანი არ გაუხსნია

სოხუმის რეჟიმს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კოდორის ხეობაში საარჩევნო უბანი არ გაუხსნია. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” კოდორის ხეობიდან დევნილმა, სპარტაკ გურჩიანმა აცნობა.
”კოდორის ხეობაში ქართული მოსახლეობა თითქმის აღარ დარჩა. იქ, ძირითადად, აფხაზები და რუსი სამხედროები მოძრაობენ. ამდენად, ჩვენი ინფორმაციით, ხეობაში საარჩევნო უბანი არ გაუხსნიათ. კოდორის ხეობასთან სატელეფონო კონტაქტი თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ეს ინფორმაცია იმ კოდორელებისგან გვაქვს, ვინც ხეობიადნ ჩამოდიან”, - აღნიშნა სპარტაკ გურჩიანმა.
სოხუმის რეჟიმი დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ატარებს. კენჭს იყრის 5 კანდიდატი - მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში, ყოფილი დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, ოპოზიციური “ეკონომიკური განვითარების პარტიის” ლიდერი ბესლან ბუთბა, “აფხაზეთის საზღვაო სანაოსნოს” ხელმძღვანელი ზაურ არძინბა და უპარტიო ვიტალი ბღანბა.