აშშ საქართველოში საზღვაო ქვეითების გამოგზავნას იწყებს

ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების პრესსამსახური საქართველოში საზღვაო ქვეითების გამოგზავნის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.  
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქართული ბატალიონის მომზადების მიზნით, რომელიც ავღანეთის სამშვიდობო მისიაში (ISAF) მიიღებს მონაწილებას, საქართველოში 60-დან 70-მდე ამერიკელი სამხედრო ჩავა. 
„მიღებულია გადაწყვეტილება, გავაგზავნოთ საქართველოში საზღვაო ქვეითები, რომლებიც 750-კაციან ქართულ ბატალიონს სწავლებას ჩაუტარებენ. 6-თვიანი სწავლება პირველ სექტემბერს დაიწყება, ხოლო საზღვარო ქვეითთა რაოდენობა 60-დან 70-მდე იმერყევებს“,- ნათქვამია განცხადებაში. 
პრესსამსახური მიუთითებს, რომ აშშ-სა და საქართველოს ერთობლივი სწავლების დიდი ხნის ისტორია აქვთ. 1990-იან წლებში ამერიკელი საზღვაო ქვეითები საქართველოში ნატო-ს პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ ფარგლებში იმყოფებოდნენ. 
ამერიკელი საზღვაო ქვეითები საქართველოში დღეს, 15 აგვისტოს უნდა ჩამოვიდნენ.  
ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში მონაწილეობის მისაღებად მეორე და მესამე ბრიგადები გაიწვრთნება.