ოპოზიცია ქუთაისში საპროტესტო აქციებს გეგმავს

ქუთაისში მოქმედი ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და აქტივისტები დღეს დილით ქალაქის მერიის წინ შეიკრიბნენ და გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევა გააპროტესტეს.
ოპოზიციონერებმა გუშინ ქუთაისში განვითარებულ მოვლენებს ვანდალური საქციელი უწოდეს და სასტიკად დაგმეს. მათ საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდეს, გუბერნატორის გარდა თანამდებობიდან გაათავისუფლოს იმ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნულ აფეთქებას პირადად ხელმძღვანელობდნენ.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ როდესაც რაიმე ცვლილება ხდება, ყოველთვის გუბერნატორს ან მერს ცვლიან, რაც შედეგს არ იძლევა, ხოლო ძალოვანი სტრუქტურები პასუხს არაფერზე აგებენ. მათ მოსახლეობას მოუწოდეს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამართვისკენ იმ ადგილას, სადაც მემორიალი ააფეთქეს.
პირველი ასეთი აქცია ხვალ, 13.00 საათზე გაიმართება. ოპოზიცია ხვალისთვის ქუთაისში ხუთი ოპოზიციური პარტიის ლიდერს ელოდება, თუმცა, ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, რომელი ლიდერები ჩავლენ ქუთაისში. საპროტესტო აქციაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ სამამულო ომის ვეტერანები.
ქუთაისში "დიდების მემორიალის" აფეთქების შედეგად გუშინ ორი ადამიანი - 8 წლის ნინო ჯინჭარაძე და მისი დედა დაიღუპა. მემორიალი, დემონტაჟის მიზნით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, სს "საქფეთქმრეწვმა" ააფეთქა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია.
უბედური შემთხვევის გამო გუშინ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დანიაში ვიზიტი შეწყვიტა და თბილისში დაბრუნდა. მან მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა, ხოლო იმერეთის გუბერნატორი ირაკლი ჩოგოვაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.