სეპარატისტული მთავრობის ლიდერი თურქეთში ჩასვლას აპირებს

მედიაში ახლახან გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის ლიდერი უახლოეს მომავალში თურქეთში ჩასვლას აპირებს. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ამერიკის ხმის ქართულმა რედაქციამ ინტერვიუ ჩამოართვა თურქ ექსპერტს შაბან ქარდაშს. ბატონი ქარდაში უტას შტატის უნივერსიტეტში ასწავლის და ვებ გვერდ „ინსაით თურქი"-ს რედაქტორის მოადგილეა. მას ბევრი ანალიტიკური სტატია აქვს გამოქვეყნებული სხვადასხვა გამოცემებში, მათ შორის ჯეიმსთაუნის ფონდის ცნობილ ყოველდღიურ ანალიტიკურ დაიჯესტში, „ეურეიჟა დეილი მონიტორ"-ში.

აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერის სერგეი ბაღაპშის თურქეთში სამომავლო ვიზიტთან დაკავშირებით, ბატონმა ქარდაშმა აღნიშნა, რომ, ბაღაპშის ვიზიტს მოუთმენლად ელის თურქეთში მცხოვრები მრავალრიცხოვანი აფხაზური დიასპორა. მისი თქმით:

„ეს დიასპორა საკმაოდ აქტიურია და ისინი ცდილობენ გავლენა მოახდინონ თურქეთის მთავრობაზე რათა რაღაცა გაკეთდეს საქართველოსა და აფხაზეთში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამ დიასპორას აფხაზეთთან მჭიდრო კავშირი აქვს ძირითადად ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში. ისინი ხომ აფხაზეთს წლების მანძილზე ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას აწვდიდნენ. ამდენად, მე ვფიქრობ, რომ ბაღაპშის ვიზიტი სწორედ დიასპორასთან ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. აქვე დავძენ, რომ ეს არაოფიციალური ვიზიტი იქნება, რომელიც ჩვენ დიასპორასთან ურთიერთობების განვითარების კონტექსტში უნდა განვიხილოთ. თურქულ პრესაში გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, ბაღაპში დიასპორის სახელზე მიმართვის გაკეთებას აპირებს, რომელშიც იგი მადლიერებას გამოხატავს აფხაზეთისთვის გაწეული დახმარებისთვის."

ქარდაშის თქმით, თურქეთში აფხაზური დიასპორის დამოკიდებულება აფხაზეთის მიმართ ემოციურ დონეზე ნოსტალგიური გრძნობებით შემოიფარგლება, რაც იმას არ ნიშნავს, რომ იქ დაბრუნების მსურველი ბევრია. ხოლო აფხაზეთის სეპარატისტულ მთავრობას სურს თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მცხვორები აფხაზური დიასპორის წარმომადგენლების ისტორიულ სამშობლობლოში დაბრუნება რადგან ეს აფხაზეთში თვით აფხაზების დემოგრაფიულ შემცირებას შეაჩერებს. ამასთან დაკავშირებით ქარდაში აგრეთვე აღნიშნავს:

„თუ ის რაც მე ერთ-ერთ თურქულ ვებ გვერდზე წავიკითხე სიმართლეს შეესაბამება, აფხაზეთის ლიდერს უთქვამს, რომ განხილვის პროცესშია გადაწყვეტილება რომლის თანახმადაც საზღვარგარეთ აფხაზური დიასპორის წევრებს აფხაზეთის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მიეცემათ. ამდენად მე არ გამოვრიცხავ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მათ აფხაზეთის მოქალაქეობაც მიენიჭოთ."

16 დეკემბერს ანკარაში მდებარე ანალიტიკურმა ცენტრმა, თურქეთის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ფონდმა გამოაქვეყნა ანალიტიკური გამოცემა სათაურით „აფხაზეთი შავი ზღვის ინტეგრაციას მხარს უჭერს." ქარდაში ასე გამოეხმაურა ხსენებულ გამოცემას:


„ამ გამოცემასთან დაკავშირებით რამოდენიმე შენიშვნის გაკეთება მსურს. უპირველეს ყოვლისა მე უნდა ავღნიშნო, რომ მოხსენების ავტორის მიდგომა მხოლოდ ეკონომიკურ ფაქტორებს ემყარება, და იგი სამწუხაროდ უგულვებელყოფს პოლიტიკურ, სტრატეგიულ და სამხედრო ფაქტორებს. ეს კი ნაკლებად დამაჯერებლს ხდის მის ანალიზს რადგან ეკონომიკური განვითარება არსებული პოლიტიკური პრობლემების მოგვარების გარეშე არარეალისტურია. მაგრამ ეს მოხსენება ჩვენ უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რომ თურქეთის აფხაზურ დიასპორაში შეინიშნება მზარდი შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ თურქეთი აფხაზეთთან ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას ვერ შესძლებს, მაშინ ამას აფხაზეთის რუსეთთან იძულებითი ინტეგრაცია მოჰყვება. აქვე უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ბაღაპშის თურქეთში ვიზიტი იგეგმებოდა, მაგრამ ჩაიშალა, და იგი თურქეთის მაგივრად სოჭში პუტინთან შესახვედრად ჩავიდა. ამის შემდეგ შეინიშნება მზარდი შეშფოთება, რომ აფხაზებს აიძულებენ რუსეთთან ინტეგრაციისკენ. თურქეთის აფხაზური დიასპორის გადმოსახედიდან საქართველოდან რაიმე საფრთხის შესაძლებლობა აღარ არსებობს, მაგრამ ამჟამად აფხაზეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას რუსეთთან თანაბარი და მისაღები ურთიერთობების დამყარება წარმოადგენს. აქვე ისიც უნდა დავამატო, რომ ორგანიზაციას, რომელმაც ხსენებული მოხსენება გამოაქვეყნა - თურქეთის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ფონდს - აფინანსებს თურქეთის სავაჭრო საბჭოების კავშირი, რაც, ბუნებრივია იმის მანიშნებელია, რომ წინა პლანზე ეკონომიკური ინტერესებია წამოყენებული."

ბატონმა ქარდაშმა ასე დაახასიათა დღემდე მიღწეული პროგრესი თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის სფეროში:


„თურქეთის სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციასთან დაკავშირებული სვლები ეფუძნებოდა ნაგულისხმევ ვარაუდს, რომ ამას წინ უნდა უძღვოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული პრობლემების მოგვარება. რადგან ეს ვარაუდი არ გამართლდა და აზერბაიჯანმა და სომხეთმა ვერ შესძლეს რეალური პროგრესის მიღწევა ამ მიმართულებით, ახლა, როგორც ჩანს, თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაცია შეფერხდა. ვინაიდან პროგრესი ამ მიმართულებით თავიდანვე დამოკიდებული იყო მთიანი ყარაბაღის საკითხის გადაჭრაზე, ჩიხში მოქცევაც საკმაოდ მოსალოდნელი იყო."

[ალექსანდრე მელიქიშვილი]