ფილიპინების სასამართლოს მორიგი უკანონო ქმედება

ფილიპინებში დაკავებულ 13 ქართველ მეზღვაურს მათ საქმეზე მანილის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აცნობენ. 
 ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” მანილას ციხიდან ერთ-ერთმა დაკავებულმა ქართველმა მეზღვაურმა, თამაზ მალაყმაძემ აცნობა. 
მისივე თქმით, სასამართლო პროცესამდე, რომელიც 8 ოქტომბერს გაიმართა, ადვოკატი ირწმუნებოდა, რომ ციხეს 10 ოქტომბრისთვის დატოვებდნენ და სამშობლოში კვირას გამოემგზავრებოდნენ, მაგრამ სასამართლოს დასრულების შემდეგ ქართველ მეზღვაურებთან ადვოკატი საერთოდ არ გამოჩენილა.
მალაყმაძის ინფორმაციით, ქართველ მეზღვაურთა გათავისუფლებისთვის მანილის სასამართლო ფილიპინურ კომპანია “ლაპლატას”, სადაც ქართველი მეზღვაურები მუშაობდნენ, ჯარიმის გარდა, ქრთამის სახით საკმაოდ დიდ თანხას სთხოვს, რის გამოც მათი გათავისუფლება ყოვნდება. 
ქართველი მეზღვაურები კიდევ ერთხელ თხოვენ საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთონ უკანონოდ დაკავებული მეზღვაურთა სამშობლოში დასაბრუნელად.

ფილიპინებზე პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომლის ეკიპაჟის 13 წევრიც საქართველოს მოქალაქეა, 17 აგვისტოს დააკავეს. არსებული ინფორმაციით, გემს კონტრაბანდული იარაღი გადაჰქონდა.